თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ახალ პოლიტიკურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები შეუერთდნენ.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე გახდა ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე იქნება.
უსუფაშვილი–ხაზარაძე–ჩიხრაძე: პოლიტიკოსები ახალ ალიანსს აყალიბებენ >>
„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. შეკრებილი საზოგადოებას „ლელოს“ დამფუძნებელმა სიტყვით მიმართა.
„საქართველო დღეს ღრმა, სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისშია. დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს. მას ფაქტობრივად მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც დასაკუთრებული აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები და მთელი მმართველობითი ვერტიკალი. ის აფერხებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას და საქართველოს შრომისუნარიან მოსახლეობას უცხოეთში სამუშაოდ აგზავნის... უკვე წლებია, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ „ლელო" არის ამის ალტერნატივა, სწორედ „ლელო" გახდება ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ პოლიტიკური საბჭოს წევრებიც წარადგინა, მათ შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, პარტია „ახალი მემარჯვენეებიდან“ -მამუკა კაციტაძე და ფიქრია ჩიხრაძე, „ლელოს“ ლიდერები - იურისტი კახა კოჟორიძე, ფილოლოგი მედეა მეტრეველი, მწერალი ლაშა ბაქრაძე, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ხაზარაძის პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია, ირაკლი კუპრაძე.
ღონისძიებას დაესწრო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელიც პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს.
რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს”, უკვე გადაწყვეტილია, რომ პარტია არსებობას წყვეტს. როგორც პარტიის თავმჯდომარე და ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის, „ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა კაციტაძე განმარტავს, ისინი „ლელოს“ უერთდებიან, „ახალი მემარჯვენეები“ კი არსებობას კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეწყვეტს.
„ჩვენ პიროვნულად ვართ დღევანდელი დღის დამფუძნებლები, რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახლა საჭიროა, გარკვეული სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც დროსა და გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. კანონის შესაბამისად მივიყვანთ ამ გადაწყვეტილებას შესაბამის წერტილამდე სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, დღეს არ არის გათითოკაცების დრო, არ არის საკუთარი თავის, თუ პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენის დრო. დღეს არის ქვეყნის გადარჩენაზე ზრუნვა საჭირო“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „მესამე ძალა“ და ვის გადაიბირებს ის „ოცნებიდან" >>
ახალი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ბლოკების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ გაერთიანება იდეის გარშემო დროებითი არ არის.
როგორც „ლელო საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, მათი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის დაკომპლექტება იქნება.