გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „მესამე ძალა“ და ვის გადაიბირებს ის „ოცნებიდან"

გამოწერა
პოლიტიკური ვაჭრობის სეზონი გახსნილია და სექტემბრიდან ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ქართული ოცნების“ განაწყენებული სახეები მამუკა ხაზარაძის მოძრაობაშიც შეიძლება ვიხილოთ. ბანკირი მოლაპარაკებებს ბევრ ადამიანთან აწარმოებს. გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ზურაბ ალავიძე, გიორგი ქობულია, კახა ოქრიაშვილი საკუთარი კონტაქტებით, ფულითა და საქმიანი კავშირებით, სავარაუდოდ, ახალ მოძრაობაში იქნებიან. ექსპერტები ელოდებიან, რომ კვირიკაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც მან საპარლამენტო სიაში ჩასვა, ასევე ეცდებიან ხაზარაძის პარტიაში უმტკივნეულოდ გადავიდნენ. ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე უკვე თავისუფალი დეპუტატები არიან. თუმცა არც მარიამ ჯაშის, რომან კაკულიასა და იმ დეპუტატების „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნა იქნება მოულოდნელი, ვინც ბოლო პერიოდში მხარი არ დაუჭირა ხელისუფლების ზოგიერთ პრინციპულ გადაწყვეტილებას. ამბობენ, რომ კვირიკაშვილის მიმართ სიმპათიები „ოცნებაში“ კიდევ რამდენიმე მოქმედ მაღალჩინოსანს აქვს, რომელთაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი „უწამლებს“.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის – პოლიტიკოსების რეაქცია

ხაზარაძემ უკვე განაცხადა, რომ ის პროდასავლური მოძრაობის ლიდერი გახდება. საუბრობენ, რომ სურს შეხვედრა დავით უსუფაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან, თუმცა ალასანიას ხაზარაძის პარტიაში გამოჩენა კატეგორიულად უარყო მისმა პარტიულმა მეგობარმა ნინო გოგუაძემ. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, ის არავისთან საუბარს არ გამორიცხავს.

ხაზარაძეს ახლა ორი გზა აქვს – ან ახალ სახეებს მოძებნის და რეალურად მებრძოლ მესამე ძალად ჩამოყალიბდება, ან უკვე ნაცნობ სახეებს დაეყრდნობა, რომელთაც შემდეგ ხელისუფლება ფულს და თანამდებობებს შესთავაზებს და მარტო დატოვებენ ბადრი ჯაფარიძესა და თემურ ჭყონიასთან ერთად. სახელისუფლებო პიარი უკვე მუშაობს მისი ბანკირობის ცოდვების თავმოყრაზე.

ერთი სიტყვით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის „ბურჭულიზაციისათვის“ ემზადება, თავად ყოფილი ბანკირი კი – თავდაცვისა და პრემიერობისთვის.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ახალი ძალა? – ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

როგორც ირკვევა, დასავლეთი „ქართული ოცნების“ მესამე ვადით ხელისუფლებაში უპირობო დარჩენას არ მიესალმება და ეს ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას უკვე მიანიშნეს. ამიტომაც „ოცნება“ ეცდება, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პარლამენტში 2020 წელს წვრილ-წვრილი პარტიები შეიყვანოს და მათ ლიდერებს მოელაპარაკოს. ძალთა ბალანსის მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოებაა. თუ ხაზარაძემ და მისმა მომხრეებმა მესამე ძალად ჩამოყალიბება შეძლეს, სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, რომელი ძალა შექმნის მთავრობას. ასე რომ, სასწორზე ძალიან სერიოზული რამ და საქართველოს მომავალი დევს უახლოესი 8 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ბრძოლა წესების გარეშე და მძაფრი იქნება.

ხელისუფლებას კი დამატებითი მოტივაცია გაუჩნდება – არჩევნების წინა წელს მაინც შეუმსუბუქოს ყოფა ქართველ ხალხს და გაიხსენოს თავისი ყოფილი მომხრეები და თანამდებობის პირები, რომელთა ნაწილი უკვე ცალი თვალით ახალი მოძრაობისკენ იყურება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0