თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. თბილისის „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს, იუწყება პირველი არხი.
თბილისში, დიღმის მასივში რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ის საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობა მან შსს-ში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რომელიც თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, მოზარდი ღამით სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე წარწერები დატოვა. მედიაში ვრცელდება ფოტო წარწერით: „ამ ცხოვრების დედაც“. მოზარდისადმი სოლიდარობის ნიშნად იგივე წარწერა თბილისის ბევრ ადგილას გაჩნდა.
„15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო.
„შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და „მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“, – აღნიშნულია სამინისტროს სამძიმრის წერილში.
ოჯახის ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. იგივეს ამტკიცებს გარდაცვლილის ძმა, რასაც შსს-ში კატეგორიულად უარყოფდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარის გამო გუშინ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, რომლებმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხეს, უფლებამოსილება შეუჩერდათ. დღეს კი ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მყოფი ჩალოიანი შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებასთან, სადაც მოზარდის გამოკითხვა მოხდა, მოძრაობა „გაბედესა“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ერთი გამომძიებლის დაკავება არ არის საკმარისი. ისინი ითხოვონ იმ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რომლითაც საქმის ძიება დაიწყო. მათი თქმით, საქმის ძიება უნდა მიმდინარეობდეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და არა ჩვენების იძულებით მიღების მუხლით. „გაბედეს“ წევრები ასევე ითხოვენ, „მწვანე სკოლის“ დირექტორის დასჯასაც. აქციაზე ხმაური იყო და ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
მოზარდის გარდაცვალების გამო თბილისის საკრებულოში ოპოზიცია პროტესტს დროებით წყვეტს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ და „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადეს. ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა კი იაშვილის კლინიკასთან, რომელშიც ლუკა სირაძე დღეს გარდაიცვალა, მიხაკები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა, მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო. ფსიქოლოგების განცხადებით, „მწვანე სკოლის“ კედლებზე 15 წლის მოზარდის მიერ გაკეთებული წარწერები მოსწავლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს, ხოლო „მწვანე სკოლაში“ ვლინდება შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური გარემო და არაადეკვატური დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ.