მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვნენ – როგორია მოზარდის მდგომარეობა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ექიმების დახმარების მიზნით ისრაელიდან ჩამოვიდნენ ცნობილი ნეიროქირურგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მოზარდს, რომელიც თბილისში მეცხრე სართულიდან გადმოხტა, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქართველმა და ისრაელელმა ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გასულ კვირაში 15 წლის მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, გამოძიების ვერსიით, მოზარდი ღამით ჩუმად შევიდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა, და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა. უბედური შემთხვევის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ შვილს დანაშაულის აღიარება აიძულა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა.

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
15 წლის მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა: ტრაგედიის ახალი დეტალები

დაზარალებულის ძმის სიტყვებით, ექიმებმა ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. ამ დროისთვის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება.

ქართველი ექიმებისთვის დახმარების მიზნით ისრაელიდან ჩამოვიდნენ ცნობილი ნეიროქირურგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ამ დროისთვის ადგილობრივი და ისრაელელი ექიმები მოზარდის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაზე მუშაობენ.

ექიმების თქმით, ოპერაციამ აჩვენა, რომ მოზარდის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ. ჯერჯერობით რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით. ამასთან ერთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკვლევას აწარმოებს პოლიციის თანამშრომელთა მოქმედებების მართლზომიერების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოზარდი მშობლების თანდასწრებით დაიკითხა და მასზე რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ყველა ახალი ამბავი
0