თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მე-9 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თბილისში, დიღმის მასივში რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ის საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობა მან შსს-ში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რომელიც თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, მოზარდი ღამით სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე წარწერები დატოვა. მედიაში ვრცელდება ფოტო წარწერით: „ამ ცხოვრების დედაც“. მოზარდისადმი სოლიდარობის ნიშნად იგივე წარწერა თბილისის ბევრ ადგილას გაჩნდა.
ექიმების შეფასებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ქართველმა და ისრაელელმა ექიმებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მას ოპერაცია ჩაუტარეს, ექიმებმა ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო.
ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. იგივეს ამტკიცებს გარდაცვლილის ძმა.
მომხდარის გამო გუშინ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, რომლებმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხეს, უფლებამოსილება შეუჩერდათ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა, მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო.
როგორც ფსიქოლოგებმა განაცხადეს, „მწვანე სკოლის“ კედლებზე 15 წლის მოზარდის მიერ გაკეთებული წარწერები მოსწავლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს, ხოლო „მწვანე სკოლაში“ ვლინდება შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური გარემო და არაადეკვატური დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ.