საქართველოს 17, მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ჩათვლილი ფილმი დაუბრუნდება

© Pixabay / MasterTuxკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმების საქართველოში დაბრუნების შედეგად შესაძლებელი იქნება აბულაძის „მონანიების" კანის კინოფესტივალზე გაგზავნა, რაც ფირის უხარისხობის გამო აქამდე შეუძლებელი იყო

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი საქართველოს კიდევ 17 ქართულ ფილმს დაუბრუნებს, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან" ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება.

„ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორისაა ფილმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულ ფილმად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო", რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული", -აღნიშნულია განცხადებაში.

კინორეჟისორი ნუცა ღოღობერიძე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და საბჭოთა კავშირში პირველი ქალი რეჟისორის ფილმს თბილისში აჩვენებენ

უწყების ცნობით, აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული. სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველა ფილმი „სახკინმრეწვის" ბაზაზე შეიქმნა.

ამ ეტაპზე შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში: მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის „მათი სამეფო" (1928), ალექსანდრე წუწუნავას „ხანუმა" (1926), „ორი მონადირე" (1927) და „ჯანყი გურიაში" (1928), კოტე მარჯანიშვილის „გოგი რატიანი" (1927), „კრაზანა" (1928) და „კომუნარის ჩიბუხი", ვლადიმერ ბარსკის „ბელა" (1927), ნიკოლოზ შენგელაიას „გიული" (1927), ზაქარია ბერიშვილის „იბრაჰიმი და გოდერძი" („პირველი და უკანასკნელი" – 1927), „ღრუბელთა თავშესაფარი" („ცხოვრებასთან შეხვედრა" – 1928), ნიკოლოზ კახიძის „ნორჩი მფრინავი" (1928), გიორგი მაკაროვის „ქალი ბაზრობიდან" (1928), მიხეილ გელოვანის „ახალგაზრდობა იმარჯვებს" (1928), კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" (1928 -ძველი ვერსია), მიხეილ ჭიაურელის „საბა" (1929) და თენგიზ აბულაძის „მონანიება" (1986).

კანის კინოფესტივალი - Sputnik საქართველო
საქართველო კანის ფესტივალზე: ლეგენდები, მეტრები და ახალგაზრდა რეჟისორები

სამინისტროს ცნობით, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

„აღსანიშნავია, რომ „მონანიების" ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. „გოსფილფოფონდიდან" აღნიშნული ფილმის დაბრუნება მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს",- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთი საქართველოს კიდევ 11 ქართულ ფილმს დაუბრუნებს>>

სექცია Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა. 2019 წელს, აღნიშნულ სექციაში, 55 წლის შემდეგ პირველად ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი" იყო ნაჩვენები.

კადრი ფილმიდან თეთრი ქარავანი - Sputnik საქართველო
„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება

„გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი" საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდი" მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 ათასამდე დასახელების კინოსურათი ინახება - 1895 წელს საფრანგეთში ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული მუნჯი კინოდან თანამედროვე რუსი და უცხოელი კინომწარმოებლების ნაწარმოებებით დასრულებული. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში" შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული.

ყველა ახალი ამბავი
0