ქართულ სტენდს (#103, Village International Riviera) ერთობლივად წარმოადგენენ კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
როგორც კინოცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი და Creative Europe-ის მედიაპროგრამის მენეჯერი ლევან ლომჯარია.
„მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს სტენდზეც – სანდენსის, ტოკიოს, ლოკარნოს, ვარშავის, კარლოვი ვარის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად აქტიურად მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში” პოპულარიზაცია“, – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.
რომელ ლეგენდარულ ფილმს აჩვენებენ კანში?
წელს პირველად, 55 წლის შემდეგ, კანში ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორების ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას კინოფილმი „თეთრი ქარავანი“. ეს შავ-თეთრი დრამატული სურათი 1963 წელს „ქართული ფილმის“ კინოსტუდიაშია გადაღებული. 1964 წლის მაისში ფილმი „ოქროს პალმის რტოზე“ იყო წარდგენილი. ამჯერად ლეგენდარულ ქართულ ფილმს მილოშ ფორმანის, ოლივერ სტოუნისა და სხვა საკულტო რეჟისორების ფილმებთან ერთად კანის კლასიკის (Cannes Classics) სექციაში აჩვენებენ.
როგორც კინოცენტრში აღნიშნეს, ფილმი აღდგენილია. მის პრეზენტაციას კი დაესწრებიან თავად ელდარ შენგელაია და მთავარი როლის შემსრულებელი იმედა კახიანი.
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა
კანის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორის ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა. სურათი „რეჟისორთა ორკვირეულის” (Director's Fortnight) საკონკურსო სექციაში მოხვდა.
„ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული Takes Film და შვედური French Quarter Film კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის მერაბის ცხოვრებაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც თავისი ამბიციური მეტოქე შეუყვარდება“, – აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში. ფილმში მონაწილეობენ ლევან გელბახიანი, ანა ჯავახიშვილი, ბაჩი ვალიშვილი და სხვები.
„რეჟისორთა ორკვირეულის“ სექციაში ლევან აკინის ფილმს კონკურენციას გაუწევს 22 სურათი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა ფრანგი რეჟისორების რებეკა ზლოტოვსკის, ბერტრან ბონელოსა და ნიკოლას პერისერის ფილმები, ირანელი ბაბაკ ანვარის, ამერიკელი რობერტ ეგერსის, ფილიპინელი ლავ დიასის, რუსი კირილ მიხანოვსკის, ფინელი იუკა-პეკა ვალკეპას, იაპონელი ტაკასი მიიკეს და სხვათა ფილმები.
სხვა ქართველები კანში
თუმცა, ეს კანის ფესტივალის ქართველ მონაწილეთა სრული ჩამონათვალი არ არის. მაგალითად, კანის კინოფესტივალის სპეციალურ „რეზიდენციის“ პროგრამაში (Cinefondation) წელს მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორი გიორგი სიხარულიძე სრულმეტრაჟიანი ფილმის „პანოპტიკონის“ პროექტით, რომელიც იკვლევს მოზარდის სექსუალობას და ქრისტიანულ ფუნდამენტალიზმს პოსტსაბჭოურ საქართველოში.
პროგრამაში Producers Network გამოვა ქართველი პროდიუსერი ლადო ჩიხრაძე თავისი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ქორწილი ჩემს ქუჩაზე“ პროექტით (რეჟისორი – შოთა გამისონია). ხოლო სექციაში Market Screening ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იხილავენ რეჟისორ უტა ბერიას ფილმს „უარყოფითი რიცხვები“. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება რეალურ მოვლენებს: ის მოგვითხრობს საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ციხეში არასრულწლოვანთათვის დააწესეს რაგბის ვარჯიშები მსჯავრდებულთა ფიზიკური და მენტალური გამოჯანმრთელების მიზნით.
გარდა ამისა, 19 მაისს ქართული მხარე ფესტივალის სტუმრებისთვის საზეიმო წვეულებას გამართავს.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საკურორტო ქალაქ კანში ყოველწლიურად მაისის მიწურულს იმართება.
კანის კინოფესტივალი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული ფესტივალია მსოფლიოში.
წელს მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 19 ფილმი, რომელთა შორისაა პედრო ალმადოვარის „ტკივილი და დიდება“, ჟან-პიერისა და ლუკ დარდენის „ახალგაზრდა აჰმედი“, ქსავიე დოლანის „მატიასი და მაქსიმი“, ასევე ტერენს მალიკის, კენ ლოუჩის, კორნელიუ პორუმბოიუს, მარკო ბერლოკიოს და სხვა რეჟისორების ახალი ფილმები.