თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საბჭოთა კავშირში პირველი ქალი რეჟისორის, ქართველი ნუცა (ნინო) ღოღობერიძის ფილმს „უჟმური" თბილისში 27 დეკემბერს აჩვენებენ.
საღამო ნუცა ღოღობერიძის ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში 18:00 საათზე დაიწყება (ვაჟა-ფშაველას 1).
ფილმს „უჟმური" საქართველოში პირველად, მისი შექმნიდან 85 წლის შემდეგ წარმოადგენენ, აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.
ფილმის სიუჟეტით, მალარიასთან ბრძოლის მიზნით, ხელისუფლება ე. წ. უჟმურის ველზე არხის აშენებას გადაწყვეტს. ეს ველი კი მწვანე დედოფალ გომბეშოს სამფლობელოა. იმისთვის, რომ მშენებლობას ხელი შეუშალოს, კულაკი ფარნა არხის დასაგეგმად გასულ ქავთარსა და გვადის ჭაობში შეიტყუებს და იქ დასაღუპავად ტოვებს.
ფილმი დღემდე რუსეთის კინოფილმების სახელმწიფო ფონდში ინახებოდა და მისი ასლი წელს საქართველოს გადმოეცა.
„ესაა ფილმი კოლხეთის ჭაობზე, რომელიც ადამიანებს ითრევდა და კლავდა. არსებობდა ლეგენდა ამ ჭაობის დედოფალზე, სახელად უჟმურზე. ფილმში ადამიანები ამ ლეგენდასთან ბრძოლას იწყებენ. ეს სურათი არის ბრძოლაზე, მათ შორის, თაობათა შორის", - აღნიშნა ლანა ღოღობერიძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ეს ფილმი არის პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი, რომელიც საბჭოთა კავშირში ქალმა რეჟისორმა გადაიღო.
პოლიტიკა, სიყვარული და ვნება: ლანა ღოღობერიძე ახალ ფილმს იღებს>>
კინოფილმის სცენარის ავტორები არიან ნუცა ღოღობერიძე და შალვა დადიანი, ოპერატორი - შალვა აფაქიძე. მონაწილეობენ მსახიობები: კოტე დაუშვილი, მერაბ ჩიქოვანი, ნუცა ჩხეიძე, ივლიტა ჯორჯაძე, იოსებ სლუცკერი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.
ნუცა ღოღობერიძე (1902-1966) პირველი ქალი რეჟისორი 25 წლისა გახდა. მას გადაღებული აქვს სამი ფილმი: „მათი სამეფო", „ბუბა" და „უჟმური".