თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რამდენიმე დღეში საქართველოს გადმოეცემა ქართული ფილმების ასლების მესამე ნაწილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კინოფილმების სახელმწიფო ფონდში ინახება, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ქართულ მხარეს 1960-დან 1985 წლამდე პერიოდში გადაღებული კიდევ 11 ფილმი დაუბრუნდება. მათ შორის, რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ (1975), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ (1962) და „ფიროსმანი“ (1969), თენგიზ აბულაძის „ვედრება“ (1967), ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“ (1961), ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული — „თეთრი ქარავანი“ (1963), რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975) და „ნეილონის ნაძვის ხე“ (1985), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები“ (1978), ასევე გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი“ (1961).
რუსეთის სახელმწიფო კინოფონდმა საქართველოს გასული საუკუნის 11 ფილმი დაუბრუნა >>
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის კურატორი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამსახურის უფროსი ნანა დოლიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი.
„შეხვედრა შედგა ქართულ დელეგაციასა და „გოსფილმოფონდის“ დირექტორს შორის. ვიაჩესლავ ტელნოვმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესს“, — ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია „გოსფილმოფონდის“ საცავებში დაცული ქართული ფილმების შენახვის პირობებს, მათი რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„შემოწმდა ფილმების როგორც ორიგინალების, ასევე პირველადი ასლებისა და სამუშაო პოზიტივების მდგომარეობა. ფილმოფონდის რესტავრატორების ჯგუფთან ერთად შეფასდა ჩატარებული სამუშაოები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დეკემბრისთვის კიდევ 10 ფილმის ჩამოსატანად“, — აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესში აქტიურადაა ჩართული კერძო სექტორიც. ელდარ შენგელაიას ფილმის — „არაჩვეულებრივი გამოფენის“ დაბრუნება კომპანია „ჯეოსელის” მხარდაჭერით განხორციელდა. ქართული ფილმების თბილისში უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას ავიაკომპანია „აირზენა“ უზრუნველყოფს.
„გოსფილმოფონდი“ საქართველოს სულ 700 ფილმს გადმოსცემს. შესაბამისი შეთანხმება 2014 წლის სექტემბერში გაფორმდა.
რაც შეეხება კონოფირების შენახვის საკითხს, პირველ ეტაპზე ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული, შემდეგ კი მათ კინოფირების საცავში გადაიტანენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნისთვის მოეწყობა.
რუსეთის სახელმწიფო კინოფონდი მსოფლიოში ყველაზე დიდ და საუკეთესო კინოკოლექციას ფლობს. დღეისათვის იგი 70 ათასზე მეტი დასახელების კინოფირს ფლობს — 1895 წელს საფრანგეთში ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული მუნჯი კინოდან თანამედროვე რუსი და უცხოელი კინომწარმოებლების ნაწარმოებებით დასრულებული.