თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ქართული ფილმების ასლების მეორე ნაწილის გადმოცემის ცერემონია, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდში ინახებოდა, თბილისში ორშაბათს გაიმართა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის სახელმწიფო კინოფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩოვმა 2014 წლის 30 სექტემბერს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო კინოფონდი შვიდი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს გადასცემს იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც მის არქივებში 1921-დან 1991 წლამდე ინახებოდა.
ამჯერად თბილისს 1925-1975 წლების პერიოდში გადაღებული 11 ფილმის ასლი გადმოეცა.
ეს კინოსურათებია მიხეილ კობახიძის „ქორწილი" (1964), „ქოლგა" (1967) და „მუსიკოსები" (1969), ბაადურ წულაძის „ფეოლა" (1970), ელდარ შენგელაიას „შერეკილები", ლეო ესაკიას „ფრთოსანი მღებავი" (1937), კოტე მიქაბერიძის „ქაჯეთი" (1937), ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე?" (1925), კოტე მარჯანიშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი" (1926) და „ამოკო" (1927), ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო" (1928).
ფილმების გადაცემა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „თიბისი" ბანკის, კომპანია „ჯი-ემ-თისა"და IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი — „ჰოლტზე" (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა" (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა" (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი — „უკანასნელ საათს" (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.
მთლიანობაში „გოსფილმოფონდი" საქართველოს 700 კინოფირს გადმოსცემს.
რაც შეეხება კონოფირების შენახვის საკითხს, პირველ ეტაპზე ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნებიან დაცული, შემდეგ კი მათ კონოფირების საცავში გადაიტანენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნისთვის მოეწყობა.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო კინოფონდი მსოფლიოში ყველაზე დიდ და საუკეთესო კინოკოლექციას ფლობს. დღეისათვის იგი 70 ათასზე მეტი დასახელების კინოფირს ფლობს — 1895 წელს საფრანგეთში ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული მუნჯი კონოდან თანამედროვე რუსი და უცხოელი კინომწარმოებლების ნაწარმოებებით დასრულებული.