თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს >>
2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო.
პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების ფარგლებში, ასევე დაიკითხნენ გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე.
პროკურატურის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
მაჩალიკაშვილის ოჯახმა 2018 წლის დასაწყისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სუს-ი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა უწყების მიერ სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო. მათ მორალური ზიანისთვის 12 ათასი ლარი მოითხოვეს. თუმცა, სასამართლომ მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ტერორისტი თუ მსხვერპლი? – სტრასბურგში მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო >>
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში მაჩალიკაშვილის ოჯახმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.
ევროპის სასამართლო საქმის არსებით განხილვას 1 ოქტომბერს შეუდგა.
სტრასბურგის სასამართლოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC).