თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის არსებით განხილვას შეუდგა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო.
გარდაცვლილის ოჯახმა 2018 წლის დასაწყისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სუს-ი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა უწყების მიერ სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო. მათ მორალური ზიანისთვის 12 ათასი ლარი მოითხოვეს. თუმცა, სასამართლომ მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში მაჩალიკაშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.
„დღეს ევროპულ სასამართლოში ამ ბოროტი სისტემის, ამ ტყუილისა და ფარსის გამოაშკარავება დაიწყო. ევროპული სასამართლო ამ მთავრობისგან მოითხოვს ყველა არსებული მტკიცებულებების წარდგენას, დაწყებული იქიდან, თუ რატომ შევიდა მაჩალიკაშვილის ოჯახში სპეცრაზმი და დამთავრებული ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალით", – განაცხადა მოკლულის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოსარჩელეებს სურთ სასამართლოს გზით დაამტკიცონ, რომ დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება, წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, უფლება ეფექტიან სამართლებრივ დაცვაზე.
სტრასბურგის სასამართლოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC).