თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფო 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებულ კომპენსაციას 2020 წლის 18 იანვრამდე გადაუხდის, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მკვლელობაში ბრალდებულ ექსჩინოვნიკებს პატიმრობა შეეფარდათ >>
ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე 2019 წლის 18 ივლისს მოიგეს, მათ სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 50 ათასი ევრო ერგებათ.
იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთ მედიასაშუალებას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ამოიწურება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 18 ივლისს, 18 ოქტომბერს კი ამოიწურა მისი გასაჩივრების ვადა. სამინისტროს ინფორმაციით, რადგანაც გადაწყვეტილება არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია, სამთვიანი ვადის ათვლა 18 ოქტომბერს დაიწყო.
„შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპენსაციის თანხა სახელმწიფოს 18 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა და მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, არის ყალბი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა 2006 წლის მაისში, ძველი ხელისუფლების დროს მოხდა. იმ დღეს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა. მათ 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს მანქანას, რომელშიც 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი, 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი და 22 წლის ბონდო ფუთურიძე იმყოფებოდნენ. ვაზაგაშვილი და ხუბულოვი დაიღუპნენ, მძიმედ დაჭრილი ფუთურიძე კი გადარჩა.
ზურაბის მშობლებმა, იური ვაზაგაშვილმა და ციალა შანავამ სტრასბურგის სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბერს მიმართეს. ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი. ვაზაგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხუბულოვს – 9.
საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „კორტების საქმის“ ხელახალი გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ვაზაგაშვილი და ხუბულოვი მოკლეს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რომელიც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას მიერ იყო მომზადებული.
2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ფირცხალავასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის მიმართ 12 წლით პატიმრობა გამოიყენა. ისინი დამნაშავედ ცნეს მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებში“.
მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს >>
„კორტების“ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებიც მიეცნენ.
შსს-ს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელს ლევან ბეროძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კრიმინალური პოლიციის ყოფილ გამომძიებელს გრიგოლ კვინიკაძეს ადამიანის წინასწარ განზრახვით უკანონო დაკავებისთვის დაუსწრებლად 4 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.