თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ 3–დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, — იუწყება ქართული მედია პარასკევს, 30 ოქტომბერს.
2006 წლის 2 მაისის მოვლენების ხელახალი გამოძიება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებდნენ, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მომზადებულ შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლნენ.
სასამართლომ ფირცხალვასა და კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე გიორგი ცააძეს 12–12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო „დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარგანზრახულად მკვლელობაში“.
შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, კახაბერ ნაკანის ბრალდება სასამართლომ მკვლელობიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებად გადააკვალიფიცირა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მტკიცებულებების ფალსიფიცირებისათვის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა კრიმინალური პოლიციის ყოფილ გამომძიებელ ლევან ბეროძეს.
ადამიანის წინასწარგანზრახვით არაკანონიერად დაკავებისათვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობით დაუსწრებლად დაისაჯა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე.
აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობაში ბრალდებული 11 დაკავებულიდან შვიდი გირაოთი გაათავისუფლა.