თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლებს შორის ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მეხუთე ტექნიკური შეხვედრა (IPRM) უშედეგოდ დასრულდა.
„უნდა იყოს რეალური შედეგები" – აბაშიძე ქართველი და რუსი მინისტრების შეხვედრაზე >>
შეხვედრა ერგნეთში ტრადიციულად ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით გაიმართა. მოლაპარაკებები სოფელ წნელისში შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილებისა" და შემდგომ სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ გახშირდა.
„შედგა აზრთა გაცვლა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულის თაობაზე. სამწუხაროდ, ცხინვალში მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქართული პოსტი ჩორჩანაში საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ოსური დასახლებიდან ეს საგუშაგო 240-250 მეტრში მდებარეობს, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე დაახლოებით ორი კილომეტრია. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ აღნიშნული საგუშაგო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.
„ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს" – გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე >>
„ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა, რომ წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში შეწყდეს უკანონო აქტივობა და ევროკავშირის მისიას მიეცეს ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების უფლება. ეს წარმოადგენს ადგილზე სიტუაციის დაძაბვას“, - განაცხადა ანთაძემ.
დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან პოლიციის პოსტის გაუქმების მოთხოვნის კომენტირებისას ანთაძემ განაცხადა, რომ პოსტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
„ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, მომავალ კვირას. ერთზე ვთანხმდებით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება“, - აღნიშნა ანთაძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გახსნიან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ახალგორსა და სინაგურში მდებარე გამშვებ პუნქტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით.
„დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს. აქაც დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია. გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურად ცხოვრებას“, - განაცხადა ანთაძემ.
გახარია: იმედია, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველო–რუსეთს შორის პრობლემების მოგვარებას >>
მისი თქმით, ეს საკითხიც ჟენევის მოლაპარაკებებზე (8-9 ოქტომბერს) იქნება განხილული. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ევროკავშირის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით შეთანხმდებიან ერგნეთში შემდგომი ტექნიკური შეხვედრის გამართვის შესახებ.
ჟენევის მოლაპარაკებები და IPRM შეხვედრები - ცალკე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ცალკე ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმართება. საქართველომ ამ ტერიტორიებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.