თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი პირობების შექმნის იმედს გამოთქვამს.
საქართველოში „გავრილოვის ღამის“ საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა.
„ავიამიმოსვლა – იგი დროებით შეჩერდა, ბოლომდე არ აკრძალულა. ამიტომ, რა თქმა უნდა, თავის დროზე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება", – ციტირებს პესკოვს РИА Новости.
ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის „ფრენებს დააბრუნებდა“ და „ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ქართული მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული პროვოკაციული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე".
საქართველო საპროტესტო ტალღამ 20 ივნისიდან მოიცვა. ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 300-მდე ადამიანი დაშავდა.