„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და, რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან", – ამბობს გიორგი გახარია.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრა იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ზალკალიანმა და ლავროვმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.