თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქართველოს მთავრობის შენობის წინ საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
მაია ცქიტიშვილი: ბინები ორი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა>>
აქცია საქართველოს განახლებული მთავრობის პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოეწყო. ახალი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
მომიტინგეებს ხელში პლაკატები ჰქონდათ, რომლებზეც ეწერა: „რამდენჯერ უნდა მოგვატყუოთ“, „ოცნება – გამქრალი დევნილები“, „დევნილების 55% უსახლკაროა“ და სხვა. აქცია არ იყო მრავალრიცხოვანი. მონაწილეობდა დაახლოებით ოცი ადამიანი.
დევნილებმა პირობა დადეს, რომ მთავრობასთან ყოველი სხდომის დროს შეიკრიბებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ამჟამად საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 283,2 ათასზე მეტი პირი ცხოვრობს. ამ ტერიტორიებს 1990-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს.
კერძო საკუთრებაში შეჭრილ დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან>>
ამ დროისთვის ბინა მიიღო 40 ათასზე მეტმა ოჯახმა, აქედან 19 ათასზე მეტმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ – 2013 წლიდან. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებთან დაკავშირებით 2019-2020 წლებში 328 მლნ ლარია გამოყოფილი. გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ახალი ბინა კიდევ 6 ათასზე მეტმა ოჯახმა უნდა მიიღოს.