წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება

© courtesy of Faig Huseynovჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში
ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთი კლასიკური მუსიკის საუკეთესო ვარსკვლავებს უმასპინძლებს

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი საქართველოს ისტორიაში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში Tsinandali Festival კვირას, 8 სექტემბერს იხსნება.

15 დღის განმავლობაში ულამაზეს კახეთში საორკესტრო და კამერული, სოლო და საოპერო მუსიკის 30 კონცერტი გაიმართება.

თბილი სექტემბერი ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფონზე>>

ფესტივალს გახსნის პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO), რომელიც 80 ადამიანისგან შედგება. მათ ლეგენდარული იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა (Gianandrea Noseda) უდირიჟორებს.

კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სოპრანო ჩინეთიდან ინგ ფანგი (Ying Fang) და ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.

სვანეთი - Sputnik საქართველო
კლასიკა მთაში – საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები კლასიკურ კონცერტებს უმასპინძლებენ

საღამოზე, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, აჟღერდება გუსტავ მალერის მეორე სიმფონია.

ფესტივალზე შემდეგ კონცერტებზე გამოვლენ მსოფლიო დონის ისეთი მუსიკოსები, როგორი არიან საბჭოთა და ისრაელის ვიოლონჩელისტი მიშა მაისკი, კანადელი პიანისტი იან ლისეცკი, რუსი პიანისტი დენის კოჟუხინი და სხვა.

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეში (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე ბათუმში „ღამის სერენადებს“ გახსნის>>

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 ადამიანის შემადგენლობით.

ყველა ახალი ამბავი
0