თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. პარტია „გირჩის" მიერ შემუშავებული ახალი ონლაინ-პლატფორმა პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პროექტის პრეზენტაციაზე.
ჯაფარიძის თქმით, პლატფორმა საშუალებას იძლევა, ადამიანებმა თვალი ადევნონ პარტიის სიახლეებს, გახდნენ მისი მომხრე, პოლიტიკოსი, წვლილი შეიტანონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში და დააგროვონ „გირჩის" ციფრული ფული (GED), მხარი დაუჭირონ სასურველ პოლიტიკოსს და ის პარტიულ რეიტინგში დააწინაურონ.
პლატფორმის მუშაობა მთლიანად ეფუძნება „გირჩის" ციფრულ ვალუტას, ე.წ. GeorgianDollar-ს (GED).
2018 წლის დასაწყისში პარტიის წარმომადგენლებმა თავიანთ მომხრეებს მაინინგში დახმარების თხოვნით მიმართეს. ამისთვის მსურველებს შესთავაზეს, პარტიის ვებ-გვერდი კომპიუტერის ერთ-ერთ ფანჯარაში ღია დაეტოვებინათ. ამ დროს სპეციალური კოდი ვებ-გვერდზე პარტიისთვის კრიპტოვალუტის გამომუშავებას დაიწყებს.
„პლატფორმის პირველი, ახალი ამბების ბლოკის გაშვებიდან ერთ თვეში პორტალზე უკვე რეგისტრირებულია 1630 ადამიანი; ჯამში გაცემულია 110 მილიონის GED; GED-ების ბრუნვამ (ნაყიდი ლარი, პროდუქცია და მომსახურება) შეადგინა 10 748 767 GED; ლარში ბრუნვამ შეადგინა 35 000 ლარი", – განაცხადა ჯაფარიძემ.
GED-ის ბაზაზე უკვე ფუნქციონირებს: „გირჩი – სავალუტო ბირჟა“; „გირჩი – მარკეტი“; „გირჩი – ბანკი“; „გირჩი – ტოტალიზატორი“.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში GED-ებით გაიყიდა ორი ცალი ველოსიპედი, წიგნები, ოქროს ზოდი, კომპიუტერული ტექნიკა, კანაფი (რეკრეაციული), GED–ბანკის წილი და სხვ.
ჯაფარიძის განცხადებით, GED – ესაა „ვირტუალური ციფრული ფული, რომლის დაგროვებაც შესაძლებელია: ა) ისეთი ქმედებებით, რომლებიც „გირჩის“ მიერ ჩათვლილი იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილად; ან ბ) უშუალოდ „გირჩისთვის“ გაწეული ფინანსური კონტრიბუციით.
რაც უფრო მეტი GED აქვს „გირჩის" პლატფორმის წევრს, მით მეტი წონა აქვს მის ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.
ამას გარდა, GED-ების საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება საპრივატიზაციო ფულის ფუნქციის შესრულებაა მომავალში, როდესაც მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ტრილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების მისი სამართლიანი მფლობელებისთვის, ანუ მოსახლეობისთვის უკან დაბრუნება.