ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის: „გირჩი“ საგინებელ ვებ-გვერდს ქმნის

© FB / 59 Secondsზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაფარიძის ინფორმაციით, სია მუდმივად განახლდება და ეს ვებ-გვერდი ყოველთვიურად გამოავლენს გამარჯვებულს ორ ნომინაციაში: „თვის საუკეთესო გინება“ და „თავისუფლების თვის ყველაზე ნაგინები მტერი“.

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. საქართველოში ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივით ახალი პროექტის დაწყება დააანონსა.

„გირჩი“ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 13 ივნისის განცხადებას სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩმა“ სიტყვის თავისუფლების დაცვის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. კერძოდ, იყიდეს ორი დომენი dedistraki.com და mamistraki.com, რომლებიც რამდენიმე დღეში ჩაირთვება.

„გირჩის“ ცნობით, ამ გვერდებზე განთავსდება იმ ადამიანების სია, ვინც გამოდის ინიციატივით, ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები.

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი გამოხატულების შეურაცხყოფა მიაყენოს ამ სიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ჯაფარიძის ინფორმაციით, სია მუდმივად განახლდება და ეს ვებგვერდი ყოველთვიურად გამოავლენს გამარჯვებულს ორ ნომინაციაში:
1. თვის საუკეთესო გინება (შეურაცხყოფა);
2. თავისუფლების თვის ყველაზე ნაგინები მტერი.

პოლიტიკური გაერთიანების მიერ შეძენილი დომენი საქართველოში არ არის დარეგისტრირებული.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადების თანახმად, სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით 2019 წლის 1 ივლისამდე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.

ყველა ახალი ამბავი
0