„პროსტიტუციაც პატიოსანი შრომაა“ – „გირჩმა" საკუთარ ოფისში ბორდელი გახსნა

გამოწერა
პარტიის ოფისში გახსნილ საროსკიპოში ერთი საათით ფართის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ საკუთარ ოფისში საროსკიპო „პიონერი" გახსნა და ამ ფორმით პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც 8 მაისს გლდანში როენა ხუცურაული, იგივე „მამიდა" საკუთარ სასტუმროში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს, „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მას სოლიდარობას უცხადებს.

„დავიხსნათ „მამიდა“ სისტემის კლანჭებიდან“ – Facebook-ზე როენას დაკავებაზე ღადაობენ>>>

როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს დაკავდეს ფასიანი სექსუალური მომსახურებით, შესაძლებლობა აქვს სექს-მუშაკთან ერთად მივიდეს „გირჩის" ოფისში გახსნილ საროსკიპოში.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და გულისხმობს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა. მათ შორის პატიოსანი შრომაა პროსტიტუციაც", – აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც „გირჩის" ლიდერმა აღნიშნა, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება სექსუალური მომსახურებისათვის გამოყოფილ ფართებსა და ქვეყანაში არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შორის, სადაც ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ფასიან სექსუალურ მომსახურებასაც იღებენ.

პარტიის ოფისში გახსნილ საროსკიპოში ერთი საათით ფართის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება.

აღმოჩნდება თუ არა ზურაბ ჯაფარიძე „მამიდის" გვერდით, ამ დროისთვის უცნობია. როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, მათთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ფაქტით ირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0