მაჭავარიანი: ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან დღეს 10%-ით არის გაუფასურებული.

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ლარის ახალი ანტირეკორდი - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციას იწყებს >>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან ახალ ანტირეკორდს მიაღწია და 2,9718 შეადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობა ლარის გაუფასურებას საგარეო შოკს, კერძოდ, ტურისტების ნაკადის შემცირებას უკავშირებენ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  გუშინ განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტა ზედმეტად გაუფასურებულია. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  იზიარებს პრემიერის ამ შეფასებას.

„ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება და ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბოსტნეული სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
ლარის გაუფასურება: როდის გადავა მოქმედებაზე ეროვნული ბანკი

მაჭავარიანმა  აღნიშნა, ნებისმიერი ნეიტრალური, საშუალო დონის ექსპერტი, რომელიც არ არის ანგაჟირებული პოლიტიკურად, ვერ მოიტანს ვერცერთ მაგალითს ან ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკაში, რამაც ხელი შეუწყო ვალუტის გაუფასურებას.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაიზარდა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანემ მაჭავარიანმა.

ლარის გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა. კერძოდ, ეროვნული ბანკი 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გატანას აპირებს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც განახორციელებს.

რატომ უფასურდება ლარი – ექსპერტები საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებენ >>

ლარის გაუფასურება დაიწყო ქვეყანაში ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად. საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან აკრძალა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. საგრძნობლად შემცირდა ტურისტების ნაკადი.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე დაკარგავს 1 მილიონ ტურისტს რუსეთიდან, ზარალი კი 750 მლნ დოლარს მიაღწევს. 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან 3,2 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0