რატომ უფასურდება ლარი – ექსპერტები საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ლარი
ეროვნული ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომისტების ვარაუდით, ლარის უფრო მეტად გაუფასურება საშუალო ბიზნესსა და იმპორტული საქონლის ფასებზე აისახება.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ექსპერტები არცთუ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ განაგრძობს გაუფასურებას.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
რა არის ლარის გაუფასურების მიზეზები – მთავარი ბანკირი განმარტავს

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 5,9%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 31 ივლისს მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9507-ს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებას საგარეო შოკს, კერძოდ, ტურისტების შემცირებას უკავშირებს.

„ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ჩვენ ეკონომიკაში ვალუტის შემოდინების ნაკლებობა. კერძოდ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად შეწყდა ტურისტული ნაკადი რუსეთიდან. ის უცხოელი ინვესტორები, ვინც აკეთებდნენ ინვესტიციას, ისინიც ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა“, – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება, ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ლარის გაუფასურებაზე შეიძლება დამატებითი წნეხი იყოს უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა მან.

ლარის უფრო მეტად გაუფასურება საშუალო ბიზნესს დარტყმას მიაყენებს, ფიქრობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი: პასუხისმგებლობა, მოლოდინები, პროგნოზები

„ქვეყნის ეკონომიკას ვინც ქმნის, ის ბიზნესმენები და ის ბიზნესები არიან მძიმე მდგომარეობაში. ძალიან გაუჭირდებათ ამ კურსით ოპერირების გაგრძელება. დიდი ალბათობით, საშუალო ბიზნესის მფლობელები, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული, უბრალოდ ვერ გაუძლებენ ამ ზეწოლას. ასეთი კომპანია ასობითაა. შესაბამისად, დიდი კომპანიები, რომლებსაც აქვთ დიდი რესურსები, ჩაყლაპავენ ამ კომპანიებს და შემცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, იქნება ბევრი მონოპოლია“, – განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის თავმჯდომარემ.

ჭყონიას აზრით, საჭიროა კობა გვენეტაძის შეცვლა.

„თუ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“, – აღნიშნა მან.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოში ფასების მატებას ელოდება.

„ამ ყველაფერს ფონად გასდევს სუსტი ეკონომიკური ზრდა, ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვის არარსებობა და, შედეგად – ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ ლარი გამყარებას შეძლებს. ეს აუცილებლად აისახება ფასებზე. იმპორტირებული საქონლის ფასები ერთ-ორ თვეში მოიმატებს“, – აღნიშნა ბედინეიშვილმა.

„არ გამოვრიცხავთ, რომ გადავკვეთოთ სამლარიანი ნიშნული“, – განაცხადა, თავის მხრივ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე ლარის კურსზე : ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია

სამშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია და ლარი არ უნდა გაუფასურდეს იმდენად, როგორც ახლა ჩანს.

მისი თქმით, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო ეს ასე არ არის და ტურიზმის სფერო საგრძნობლად დაზარალდა.

საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად. საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან აკრძალა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე დაკარგავს 1 მილიონ ტურისტს რუსეთიდან, ზარალი კი 750 მლნ დოლარს მიაღწევს. 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან 3,2 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0