ნატა პატარაია
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ. რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უწყება არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე.
„ცხადია, რომ მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება საგრძნობი მერყეობით, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე.
Sputnik -საქართველოსთან „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა.
პაატა ბაირახტარი
–ლარის კურსზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღოს. ეს უწყება მართალია ამბობს, რომ მხოლოდ ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ რეალურად ის არის ლარის დედაც და მამაც, შესაბამისად ლარის კურსზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ ლარი ერთ დღეში მაგალითად, 7 თეთრით უნდა ეცემოდეს, არც პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას გულისხმობს. უფრო მეტიც, მსგავსი ჩაურევლობის პოლიტიკა ეროვნულ ვალუტას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს.
–როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში?
– ეროვნულ ბანკს აქვს ცალმხრივი პოლიტიკა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ის არასდროს არ ერევა კურსის შერბილების, გამყარების ან დასტაბილურების მიმართულებით. პირიქით - ის ერევა ხოლმე უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების კუთხით, რაც ხშრად დარტყმას აყენებს ლარის კურსს და გარკვეულწილად ასუსტებს ეროვნულ ვალუტას. აქედან გამომდინარე ასეთი ცალმხრივი მიდგომა არ არის კარგი. გასაგებია, რომ უცხოური ვალუტის რეზერვები შესავსებია და ჯერ კიდევ არ არის საჭირო რაოდენობის, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს თვითმიზნად. რეზერვები გავქვს იმისთვის, რომ გამოვიყენოთ საჭიროების შემთხვევაში და არ უნდა ვზარდოთ მათი მოცულობა ნებისმეირ ფასად. შესაძლოა ცოტა ხმამაღალი გამოვა იმის მტკიცება, რომ ეროვნულ ბანკს ლარის გამყარება არ აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უწყების ქმედებები აქეთკენ არ არის მიმართული.
–მართლა მოლოდინებმა მოახდინეს გავლენა ბოლო დღეებში დაფიქსირებულ ლარის რეკორდულ კურსზე თუ სხვა ფაქტორებიც იყო?
–რაც შეეხებავ იმ მომენტს, როცა ლარის გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2.94 შეადგინა, გეტყვით, რომ აქ მართლა იყო მოლოდინების ეფექტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის შემდეგ, საზოგადოება სავსებით ობიექტურადაც ელოდებოდა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რაც ჩვენს ეკონომიკას სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებდა და პრობლემებს შეუქმნიდა ეროვნულ ვალუტასაც. ამიტომ სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა დაიწყეს ლარის დოლარში გადაყვანა. ამით მათ მოკლე პერიოდში ძალიან გაზარდეს წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. შედეგად მივიღეთ ლარის 2.94 გაცვლითი კურსი. შემდეგ ფინანსთა სამინსტრომ 40 მილიონი ლარი ამოიღო სავალუტო ბაზრიდან, რითაც გარკვეულწილად შეაჩერა ლარის დევალვაცია. ამას დაემატა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციებს არ შემოიღებდა და ამანაც დებითად იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსზე. დღეს ვხედავთ, რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ უკვე 2.80 ჩამოვიდა.
–როგორ ფიქრობთ გამყარდება ლარი?
–მოსალოდნელია, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება და ეს ასეც უნდა მოხდეს. ის, რომ ამ ზაფხულს უფრო ნაკლებ ტურისტს ველოდებით რუსეთთან ბოლო დროს ურთიერთობის დაძაბვის გამო, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ზაფხულის ეკონომიკით ვერ ვისარგებლებთ. ლარის კურსი დამოკიდებულია არ მხოლოდ ტურიზმზე და რომელიმე სექტორზე, არამედ ქვეყანაში შემომავალ და გამავალ უცხოურ ვალუტაზე და ჩვენ თუ ამის დაბალანსებს შევძლებთ, ეს აუცილებლად აისახება ლარზე.