თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს – ბოლო თვეში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,8%-ით დაეცა, ხოლო წლის განმავლობაში – 13,6%-ით.
ლარის კურსი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ქართული ეროვნული ვალუტის კურსმა პირველად გადააბიჯა 2,78 ნიშნულს, მერე კი თანდათან დაიწყო გამყარება და სტაბილიზაცია.
მიმდინარე წლის 22 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7676 GEL/$1-ზე დაადგინა.
„ლარის ნებისმიერი რყევა, როდესაც პლუს ამას ბენზინსა და ნავთობროდუქტებზე ფასების ცვლა ემატება, ნეგატიურად აისახება ბაზარზე. ყველაფერი ეს საბოლოოდ ძალიან მტკივნეულად აისახება სადისტრიბუციო კომპანიებზე. ისინი იძულებული ხდებიან, მოუმატონ ფასებს“, – ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.
მისი თქმით, როცა ლარი 2,7-ს სცდება, ეს უკვე კრიტიკული ზღვარია.
„ფასები მაშინვე არ იზრდება, ეს ნელ-ნელა ხდება. ალბათ მომავალში არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ძალიან აქტიურად იმუშაოს ეროვნულ ბანკთან ერთად საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც, შესაძლოა, შეუქცევადი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ჭყონიამ ტელეარხ „TV-პირველის“ ეთერში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.
„რასაკვირველია, თუ შეხედავთ, საგარეო ფაქტორებია. ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია. ზუსტად ამიტომ ერთ წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა უცხოურ ვალუტაზე“, – განუმარტა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ დედოლარიზაციის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს საქართველოში დოლარში კრედიტების გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა.