08:08 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
ლარი

სანამდე დაეცემა ლარი... ანუ ისევ დაიწყო, აგული?!

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
117310

რა ხდება საფინანსო ბაზარზე? ფუნდამენტური ეკონომიკური პარამეტრები უცვლელია, ექსპორტის მოცულობა მატულობს, ტურისტები აქტიურობენ, ეკონომიკა იზრდება... ამ რეალობაში ლარი იძირება! რატომ, როგორია ეროვნული ვალუტის პერსპექტივა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით ეროვნული ვალუტის „გამოღვიძებას“ გამოვეხმაურები... დამეთანხმება მკითხველი, დიდი ხანია ლარზე არ გვისაუბრია, თუმცა, საამისო არც მიზეზი გვქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ავადობას შევეგუეთ. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მდგომარეობა ერთხანს მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო და ლარს მაჯა 2.65-2.69 ფარგლებში ესინჯებოდა... მაგრამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მაფიქრებს, ხომ არ გველოდება წინ ყველაზე უარესი?!

ციფრები გადამცვლელ ჯიხურებზე მიანიშნებს, რომ ლარის გაუფასურება დაიწყო. საფინანსო სფეროს სპეციალისტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მასშტაბური ვარდნა ეროვნულ ვალუტას საშუალოვადიან პერიოდში ემუქრება. ოქტომბერ-ნოემბერში კურსი 2.85 ნიშნულის ფარგლებში გაუფასურდება. მანამდე კურსი 2.70-2.75 ფარგლებში იმერყევებს!

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსზე გავლენა უცხოური ვალუტის გადინებამ და მეზობელ ქვეყნებში არსებულმა სავალუტო პრობლემამ მოახდინა. სპეციალისტების მეორე ნაწილი ლარის გაუფასურებას ძირითადად მაინც ეროვნული ბანკის ინტერვენციებს უკავშირებს.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია: „სავალუტო ცვლილების მიზეზი ამჯერად დოლარის შესყიდვა და ლარის ფულადი მასის მატებაა, რაც კურსზე ყოველთვის უარყოფითად აისახება. ახლაც ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მოლოდინი, რომ ლარი დაიწყებს მოძრაობას, გადავა 2.72-ის ფარგლებში, გამართლდა. ეროვნული ბანკი განაგრძობს სავალუტო შესყიდვებს რეზერვების შევსების მიზნით, რაც კურსზე აისახება. ლარის კურსზე გავლენას ახდენს ჩვენ სამეზობლოში არსებული სიტუაციაც. დაახლოებით ათი დღეა პოზიციებს თმობს რუსული რუბლი. მალე ერთი თვე შერულდება, რაც თურქული ლირაც უფასურდება, ბოლო ერთ თვეში უკვე 13 პროცენტით დაეცა. ლარის გაუფასურება გარკვეულწილად უკავშირდება აგრეთვე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც უცხოური კომპანიები ახორციელებენ. ისინი დიდი რაოდენობით იღებენ ლარის რესურსს და უცხოურ ვალუტაში ახდენენ კონვერტაციას, ეს კი ზრდის დოლარზე მოთხოვნას.

საქართველოს ბანკებიდან დიდი მოცულობით გაედინება თანხები, ასევე – შავი ბაზრებიდანაც, რაც კურსს პრობლემას უქმნის. პატარა ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ მასზე დაყრდნობით ვაკეთებთ პროგნოზს, რომელიც ხშირად მართლდება ხოლმე. შემიძლია განვაცხადო, ოქტომბერ-ნოემბერში კურსი 2.85 ნიშნულს მიაღწევს. მართალია, ტურისტები გააქტიურდნენ და ეს სტატისტიკითაც ჩანს, მაგრამ ამ ფაქტორს საქართველოსთვის არ აქვს ეფექტი და კურსზე სასიკეთოდ არც ამჯერად აისახება...“

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, წესრიგშია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინებას უკავშირდება, ნეგატიური გავლენა ეროვნული ვალუტის კურსზე თურქეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ მოახდინა, და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურება გამორიცხულია.

პაატა ბაირახტარი: „თუ ვნახავთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ყველა პარამეტრი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე პასუხს აგებს, არის მწყობრში. ბოლო ერთი კვირაა, ლირა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. რა თქმა უნდა, ამას შეუძლია ლარზე ზეგავლენა და ასეც არის. როდესაც ლირა უფასურდება და ორ დღეში ლარიც უკან მიჰყვება, ეს ცალსახად ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. აქტიურ ტურისტულ სეზონში შევდივართ და, როგორც წესი, უცხოური ვალუტის შემოდინებაც უფრო აქტიურდება. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ლარის გაუფასურების გაგრძელება გამორიცხულია...“

ექსპერტთა ნაწილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას სეზონური ცვლილებით ხსნის. მათი შეფასებით, ლარის კურსი შეიცვლება, როგორც კი ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები დაიწყება. ეს პროცესი, სავარაუდოდ, მოსალოდნელია მაისის შუა რიცხვებიდან...

ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე: „კურსის პროგნოზი წარმოუდგენელია. ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფუნდამენტური ფაქტორები მნიშვნელოვნად არ იცვლება, რამაც შეიძლება ლარზე გავლენა მოახდინოს. მცირედი რყევები ყოველთვის იქნება. ფულის ოდნავ გადინება მოხდა და, ალბათ, კურსზე ეს ფაქტორიც აისახა, თუმცა გარკვეულ გავლენას სეზონიც ახდენს. ეკონომიკისთვის ჯერჯერობით ცოტა მიძინების პერიოდია. სავარაუდოდ, ერთი-ორი კვირის შემდეგ უფრო პოზიტიური ცვლილებები წავა, მაგრამ რყევა შენარჩუნდება და ეკონომიკური სტრუქტურა სანამ არ შეიცვლება, ეს ვითარება გვექნება...“

არის განსხვავებული მოსაზრებაც. ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური ფაქტორის გავლენად მიიჩნევენ საბანკო სფეროში.

ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი: „ბოლო დრომდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეროვნულმა ვალუტამ თავისი სტაბილურობის წერტილი დაიჭირა. მიუხედავად ამისა, რყევა ისევ დაიწყო. ძნელი სათქმელია, ეს დროებითი მოვლენაა თუ ისევ გაგრძელდება. პროცესს უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ ვივარაუდოთ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ლარისთვის საკმაოდ დიდი წნეხია საგარეო ვალები. ცხადია, ყველაფერი ერთდროულად არ გადაიხდება, არსებობს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი, რაც ჩვენთვის უცნობია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კურსის ცვლილება ამ ფაქტორით იყოს გამოწვეული. შესაძლებელია, ეს მოჰყვა ექსპორტ-იმპორტის სხვაობას ან სხვა ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელსაც აქვს მხოლოდ ეპიზოდური და არა სისტემური ხასიათი. ეროვნული ვალუტის სუსტი რყევა გაგრძელდება, მაგრამ ვადებს ვერავინ დააკონკრეტებს. მკვეთრი ცვლილებები არ იქნება, საამისო მიზეზი ჩვენ ეკონომიკაში ჯერჯერობით ნაკლებად ჩანს...“

საინტერესოა, როგორია ხელისუფლების პოზიცია? − უეჭველად დაინტერესდება მკითხველი და მართალიც იქნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლად დანიშნულმა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება. მისი თქმით, ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ შეცვლილა, ამიტომაც ლარის რყევა მოკლევადიანია. ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკა იზრდება, მარტში ქვეყანაში ძალიან მაღალი, ექვსპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, იზრდება ექსპორტიც და, შესაბამისად, „საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“.

მოკლედ, ხელისუფლება გვამშვიდებს, დიდი შფოთვის საფუძველს ვერც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ხედავს, მავანნი უარესს ელიან. ვისი პროგნოზი გამართლდება, როგორია პერსპექტივა საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში, უახლოეს დღეებში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო დაეშვება ფსკერზე თუ როგორმე დაიჭერს წონასწორობას, და რა იქნება ის ნიშნული, რომლის ფარგლებშიც ლარი იტივტივებს? ყველა ამ კითხვაზე პასუხს გარკვეული დროის შემდეგ მივიღებთ... მანამდე კი ვისაც საბანკო ვალდებულება დოლარში აქვს, ცხოვრება მარტივად გაუძვირდა. როგორ არ უნდა გავიხსენო: „იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა!..“

კოჭლი ლარი
კოჭლი ლარი

მთავარი თემები