ლარის გაუფასურება: როდის გადავა მოქმედებაზე ეროვნული ბანკი

© Sputnik / Alexander Imedashviliბოსტნეული სუპერმარკეტში
ბოსტნეული სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ არ დაუშვებს ინფლაციური პროცესების განვითარებას.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა რეზერვიდან ვალუტა გაყიდოს, რათა ლარის კურსი დაასტაბილუროს, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

რატომ უფასურდება ლარი – ექსპერტები საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებენ >>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია.

„სავალუტო ბაზრიდან საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე ზეწოლა რომ არ დავუშვათ, გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, გამოვიყენებთ როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის რეზერვების დონეც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

ამასთან, მან არ დაასახელა, რომელ დონეს უნდა მიაღწიოს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, რათა ეროვნულმა ბანკმა მოქმედება დაიწყოს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

ეროვნული ბანკი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც თვალყურს ადევნებს ინფლაციის დონეს და შესაბამის ზომებს მაშინ მიმართავს, როცა ინფლაციის დონე პროგნოზირებად მაჩვენებელს სცილდება. ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, არსებული პირობების შენარჩუნების შემთხვევაში ინფლაცია წელს მიზნობრივი დონის (3%) ზემოთ დარჩება. მაჩვენებელი 2020 წლის მარტიდან დაიწყებს კლებას და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნობრივ დონესთან ახლოს დარჩება.

მესტვირიშვილმა ექსპერტებისა და მთავრობის კვალდაკვალ აღნიშნა, რომ ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო.

„ჩვენი შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელსაც ვაკვირდებით, უფრო მეტად გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

საგარეო შოკში, პირველ რიგში, მოიაზრება ტურისტების რაოდენობის მოსალოდნელი მკვეთრი კლება.

რა არის ლარის გაუფასურების მიზეზები – მთავარი ბანკირი განმარტავს >>

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დარტყმას მიაყენებს, რამდენადაც ბოლო წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2019 წლის ბოლომდე ქვეყანა 1 მლნ რუს ტურისტს დაკარგავს, ზარალი კი 750 მლნ დოლარს მიაღწევს. 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0