თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ისურვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ლომჯარია: 20 ივნისის მოვლენების გამოძიების მთავარი პრობლემა სპეცრაზმელების იდენტიფიკაციაა >>
20-21 ივნისის ღამეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა, მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. ისინი პოლიციელებს ფარებსა და ხელკეტებს ართმევდნენ და მათ ქვებს ესროდნენ. ორი საათის შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სწრაფად დასრულდეს გამოძიება და ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აგოს პასუხი. ეს ეხება, როგორც იმ ადამიანებს, ვინც შტურმისა და პარლამენტის აღებისკენ მოუწოდებდა, რისი კადრებიც გვაქვს, ასევე ის ცალკეული შემთხვევები სადაც იყო ძალის გადამეტება“, – განაცხადა კახა კალაძემ პირველი არხის ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ესმის, რომ გამოძიების ერთ დღეში დასრულება შეუძლებელია.
„ცხადია, გამოძიება ისე ერთ დღეში არ ხდება, როგორც ხდებოდა ადრე. ერთ დღეს აკავებდნენ, ერთ დღეს გამოჰქონდათ განაჩენი, სასჯელი იცოდნენ. დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია თავისუფლების კუთხით. დემოკრატიის თვალსაზრისით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები და შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა კალაძემ.
ამჟამად გამოძიება ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.
ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი >>
ამ დროისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 12 ადამიანია მიცემული, აქედან 11 ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო დეპუტატ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმის ფარგლებში დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი, ერთ-ერთს პატიმრობა შეეფარდა, მეორე გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.
20-21 ივნისის საქმე: გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში გამოკითხვაზეა, ვინ იქნება შემდეგი? >>
საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება, რაც ქვეყნის პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა. ის, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სესიას ხელმძღვანელობდა.