პრემიერი: სტრასბურგის გადაწყვეტილება და მედიაპლურალიზმი საქართველოში

გამოწერა
ბახტაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაეთანხმოს.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთავარ მიღწევად მედიაპლურალიზმი დაასახელა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში

ხუთშაბათს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესია და მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით ისჯება", – განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

მან ფსევდოპატრიოტები უწოდა მათ, ვინც ცდილობს სხვადასხვა ინტერპრეტაციებით მომხდარის სხვა სურათის დახატვას.

„გუშინ თითოეულმა ჩვენგანმა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი ოპონენტები – ისინი ორიენტირებული არიან ნებისმიერი ინფორმაციის თუ ფაქტის ინტერპრეტირებასა და არასწორ ჭრილში გადმოცემაზე", – აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, "ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცეთ პატივი".

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ ემუქრება და მსგავსი საუბრები საფუძველს მოკლებულია.

„ამის გარანტია სწორედ ისაა, რომ სწორედ „ქართული ოცნების" პირობებში მოხდა დიდი მიღწევა – ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, და თითოეული ჩვენგანი სიფრთხილით ვეკიდებით ამას", – განაცხადა ბახტაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. გარდა ამისა, შეცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი – ნიკა გვარამიას პოსტზე საკუთარი ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.

ხალვაშმა პირობა დადო, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

საღამოს, როდესაც სალია ტელეკომპანიაში გენდირექტორის რანგში მივიდა, ჟურნალისტებმა ახალ ხელმძღვანელობას პირობა წაუყენეს: თუ გენდირექტორი კონტრაქტებს წარუდგენს ტელეკომპანიის ბირთვს – წამყვან ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის სამსახურების ხელმძღვანელებს, ისინი მზად არიან მას ნდობა გამოუცხადონ. პასუხად სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს პრეტენზია მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ აქვს, დანარჩენებს საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ, თუმცა, კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ყველა ახალი ამბავი
0