თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის მოწმის სტატუსით გამოკითხვა მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშაძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ხორციელდება.
ლომჯარია: 20 ივნისის მოვლენების გამოძიების მთავარი პრობლემა სპეცრაზმელების იდენტიფიკაციაა>>>
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა უარი განაცხადა. როგორც მაშინ ვაშაძემ აღნიშნა, გამოძიებას 20-21 ივნისის მოვლენებზე ინფორმაციას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდიდა.
20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი უკვე გამოიკითხა. მათ შორის, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი გიგი უგულავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის" გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.
გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.
უფრო ადრე ჯგუფური არეულობების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალი წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და რიგი შეზღუდვები დაუწესეს.
გარდა ამისა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 11 ადამიანი.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.
არეულობების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – ესაა ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები, და მეორე საქმე ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად".
აქციის დაშლის დროს შსს-ს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს. მოგვიანებით დააკავეს ორი თანამშრომელი.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.