თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სანიკიძე: მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი >>
დეკანოიძის განცხადებით, დაკითხვაზე რაიმე მნიშვნელოვანი კითხვები არ დასმულა და ძირითადად გამოძიებას აინტერესებდა, რომ მას ქრონოლოგიურად მოეყოლა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები.
„ძირითადად კითხვები შეეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს. მე მოვყევი ყველაფერი, დილიდან გვიან ღამემდე, ვიდრე დავტოვე ტერიტორია. ჩემი პროტესტი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანის პროტესტი, გავრილოვის ოკუპანტის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით იყო და ეს გავუზიარე მოსამართლეს. ეს იყო რეალურად მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა და დასახიჩრება, მათ შორის მე აღვნიშნე, რომ ხშირ შემთხვევაში იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა და ახლო კონტაქტი ადამიანებთან“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცოტა ხნის წინ დაიკითხა გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო"). სანიკიძის მსგავსად დეკანოიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებასა ან ამბოხზე რაიმე შეკითხვა არ დასმულა.
„როდესაც საქმე გაქვს აღძრული, სახელმწიფო გადატრიალებაზე და ამბოხზე, ხომ რაღაც მნიშვნელოვანი კითხვა უნდა მოისმინო, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია, როგორი იყო ქრონოლოგია მოგვიყევით და მოვუყევი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შსს–მ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოკითხვაზე, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საქმეზე დაიბარა. მათი განცხადებით, გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.
შსს-მ გამოსაკითხად ასევე დაიბარა ბაჩუკი ქარდავა („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"), გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო") და ირაკლი ღლონტი („კანონი და სამართალი"). ისინი თავიანთ თანამებრძოლებთან, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ, რომელიც ღამით არეულობებში გადაიზარდა.
უფრო ადრე შსს-მ მოწმის სახით დაკითხა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და ყოფილი ვიცე-პრემიერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე. მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო ორგანოებთან კონტაქტზე ასევე თანხმობა განაცხადა, როდესაც ის დაბრუნდება უცხოეთიდან, სადაც ამჟამად იმყოფება.
უფრო ადრე არეულობების ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების ნებართვის გარეშე.
საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა.
საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>
არეულობების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – ესაა ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და მეორე საქმე ორი მუხლით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.