თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც პასუხობდა ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ გაიზიარებს ის ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბედს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“ >>
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფებოდა. გადაცემის პარალელურად, ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. გრიგოლიამ პარალელი გაავლო მიმდინარე წლის 20-21 ივნისის და 2011 წლის 26 მაისის აქციების დაშლას შორის, როდესაც შსს-ს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
„ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი შეფასებით, 26 მაისს იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი… აქ ჩვენ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც პირდაპირ ეთერში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს სვამთ 26 მაისთან. სწორედ ამაშია სხვაობა, ეს იყო მოგერიების ღონისძიება, სახელმწიფო ინსტიტუტის, მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების დასაცავად, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოყვა, 20 ივნისს გვიან საღამოს არეულობასა და ანტოსამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს, მაშინ შსს-მ დაშალა ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში მოითხოვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას. სპეცნაზმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი, სადაც 26 მაისს დილით ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარებულიყო.
უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან >>
შსს-მ ქუჩები გადაკეტა და მომიტინგეებს უკან დასახევი გზები არ დაუტოვა. დარბევის შედეგად დაიღუპა აქციის ორი მონაწილე, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო 250-მა ადამიანმა, დაახლოებით 800 პირი დააკავეს. ეს არის პროკურატურის მონაცემები, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2014 წლის თებერვალში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 4,5 წლით პატიმრობა შეეფარდა ვანო მერაბიშვილს, რომელმაც დარბევის ბრძანება გასცა.