თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოპოზიცია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს, რომელიც ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო.
დღეს გამართულ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას, რომელსაც რუსთაველზე 20–21 ივნისს არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, რადგან სასამართლოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, მიაჩნია გოცირიძეს.
„ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ დღეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო საერთაშორისო ზეწოლის გამო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ძალიან დიდი იყო ზეწოლა ევროკავშირიდან და აშშ-დან.
„სახალხო დამცველმაც მხარი დაუჭირა ნიკა მელიას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. საქმე იმდენად აშკარად იყო შეთითხნილი, რომ ექვსი მოწმიდან ოთხი იყო პოლიციელი, ორი კი - „ ქართული ოცნების“ აქტივისტი“, - განაცხადა გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის აზრით, სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება რომ მიეღო, ეს იქნებოდა არასწორი და მძიმე შედეგების მომტანი იმ განწყობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს საზოგადოებაშია.
„იმ აქციების გათვალისწინებით, რომლიც უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს, ეს გამოშვებაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოღონდ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - თქვა დავით ბაქრაძემ.
თვითონ ნიკა მელია სასამართლოს მხრიდან გირაოს შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას არ ელოდა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.
25 ივნისს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
პროკურატურის ცნობით, მელიას მიმართ, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
26 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას >>
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.