„ქართული ოცნების“ დეპუტატები მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია სასამართლო სხდომის შემდეგ
ნიკა მელია სასამართლო სხდომის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ოპოზიციონერ კოლეგას იმუნიტეტი მოუხსნეს, განაცხადეს, რომ თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ოპოზიციამ - მომიტინგეთა გამარჯვება, ხოლო „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება უწოდეს იმას, რომ თბილისში არეულობის მოწყობაში ბრალდებული ნიკა მელია თავისუფალია.

გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას >>

დღეს გამართულ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მელია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნის შესახებ ავტომატურად მის დაპატიმრებას არ გულისხმობდა.

„გუშინ ჩვენ ვამბობდით და აღვნიშნავდით, რომ ეს იყო თანხმობა, შუამდგომლობით მიემართა საქართველოს პროკურატურას სასამართლოსთვის. ჩვენ ამის თანხმობა გავეცით. საქართველოს პარლამენტი არავის არ იჭერს. ამასაც ხაზგასმით ვიმეორებდით, ეს არის სასამართლოს საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ისე, როგორც გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში გადაწყვეტს. ის არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი, ანუ მისცა საქართველოს მთავარ პროკურატურას საშუალება, რომ მიემართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის, ეს აპრიორში არ ნიშნავდა პატიმრობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის სხვა დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

„მოცემულობა შეიქმნა, როცა საქმე სასამართლოში წავიდა. პროკურატურის მოთხოვნა იყო პატიმრობა. 92-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რომ სასამართლოს ემსჯელა და პროკურატურას ემუშავა... პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლოს სხვა ასპექტებზე არ უფიქრია და გადაწვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არა, ამაზე მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მელიას იმუნიტეტის მოხსნას დავუჭირე მხარი“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

დეპუტატმა აკაკი ზოიძემაც გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.

„სასამართლოს ჰქონდა საშუალება, შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება და შეარჩია გირაო. შესაბამისად, სასამართლოს კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ზოიძემ.

სასამართლომ მელიას აუკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს >>

პროკურორის თქმით, დეპუტატის ბრალეულობის მტკიცებულებებს შორისაა ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი

პროტესტის ტალღა რუსთაველის გამზირზე დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. რუსი დეპუტატი სიტყვით წარდგა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის ფარგლებში, თანაც სპიკერის სავარძელში მჯდომმა. ოპოზიციამ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატი დააბრალა, ხოლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხდა „პროტოკოლური შეცდომა“.

ბოლო მოვლენების ფონზე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

გარდა ამისა, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ათი პირი დროებით ჩამოაშორეს თანამდებობას.

საქართველოში მომხდარი მოვლენების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, არ გაყიდონ საგზურები საქართველოს მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0