მამუკა ბახტაძე: „სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“

გამოწერა
ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ გულწრფელი პროტესტის გარდა, საზოგადოებამ იხილა დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებაც, რომელიც ცდილობდა, „ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინა პროვოკაციისთვის“.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ−მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები დაადანაშაულა. 

მისი თქმით, „სწორედ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გამოიყენა საზოგადოების გულწრფელი პროტესტი“. გარდა ამისა, ბახტაძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.

„წლების განმავლობაში „ნაციონალები“ ჩასაფრებულები ელოდებოდნენ, რომ ფეხი დაგვიცდებოდა და სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“, — განაცხადა მან 20−21 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ გულწრფელი პროტესტის გარდა, საზოგადოებამ იხილა დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებაც, რომელიც ცდილობდა, „ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინა პროვოკაციისთვის“.

ამასთან პრემიერ−მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წევრები მზად არიან, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არცერთი მათგანი არ „გამოეკიდება სავარძელს, მით უმეტეს გიორგი [გახარია]“.

ბახტაძის თქმით, პოლიციამ ძალა მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, რაც სამართალდამცავთა პასიური კორდონით თავდასხმების მოგერიება შეუძლებელი გახდა.

ამასთან, პრემიერის თქმით, არეულობაზე პასუხისმგებლობა აგრესიულად განწყობილმა ოპოზიციამ უნდა აიღოს.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.


 

ყველა ახალი ამბავი
0