თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის საკითხზე - ის მუშაობას მომდევნო კვირაში შეუდგება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.
ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა >>
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ დამცხრალა.
კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.
„მიღწეულია შეთანხმება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, რომ მომავალ კვირაში, სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქეთკენ, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა ყოველგვარი ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს და კომისიას მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.
მსგავსი კომისია აზერბაიჯანშიც შეიქმნება, თავის მხრივ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
„იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და ამ პერიოდის განმალობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსზე. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება მიღებული", - განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა, მაგრამ ეს კომისია დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა.
საქართველოს საპატრიარქო: არ გავამწვავოთ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები >>
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.
დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.
დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.