თბილისი, 8 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად ქვეყნის მუსლიმი სასულიერო პირები მიიღო და დავით-გარეჯის კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ დამცხრალა.
შეხვედრას სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იდიგოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისის მენეჯერი ოქტაი ისაევი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უდიდესი წვლილი მიუძღვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.
ვნებათაღელვა დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის ელჩი საპატრიარქოში მივიდა >>
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.
დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.