საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ სკანდალზე ისაუბრა

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერში შესასვლელი ჩაკეტეს, რის შემდეგაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა გააქტიურდა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული სადავო საკითხი ერთობლივმა ქართულ-აზერბაიჯანულმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, მიიჩნევს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი.

პრემიერი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკება რთული იქნება >>

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, მაგრამ, მასმედიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

„დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის, ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა. აღნიშნული საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხია, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც დაადგენს საკითხს და, შესაბამისად, დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში ისეთი პოზიცია დაფიქსირდება, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი იქნება“, – განაცხადა შეიხმა იდიგოვმა პრესკონფერენციაზე.

დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
რა ელის დავით–გარეჯს: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოსთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტოს

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს აწუხებს ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი და სასულიერო პირი მწვავე განცხადებებსა და შეფასებებს აკეთებს, რაც ორი ხალხის ურთიერთობებს აზიანებს, აღნიშნა მან.

შეიხმა იდიგოვმა გააკრიტიკა რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგება, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ აზერბაიჯანული მხარე არასწორი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, საქმე რელიგიურ დაპირისპირებამდე შეიძლება მივიდეს.

„ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, აქ წლები და საუკუნეები ვცხოვრობთ. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რომელიმე დაპირისპირება, ეს იქნება ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით“, – ხაზგასმით აღნიშნა შეიხმა იდიგოვმა.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ახალი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დღემდე შეუთანხმებელი მონაკვეთების დადგენით დაკავდება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახულია ისტორიული პიროვნებები, მათ შორის თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

ყველა ახალი ამბავი
0