თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საერთო საზღვრის დადგენის სამუშაოების განახლება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მასმედია: საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა>>
დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა რამდენიმე დღით გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე მოლაპარაკებების შედეგად გზა გახსნეს, მაგრამ, ქართული მასმედიის მონაცემებით, ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა.
ხელოვნური დაძაბულობა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე>>
„ამის შესახებ აზერბაიჯანში (საქართველოს პრეზიდენტის) ვიზიტისას შეთანხმება მიღწეულია საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, რომ აუცილებლად უნდა განაახლოს მუშაობა დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ, რომელიც წლებია გაჩერებულია, კომისიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხებზე. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ კეთილ მეზობელ და მეგობრული ურთიერთობის მქონე ქვეყანას შორის", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა უახლოეს პერიოდში დაასრულოს აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის დემარკაცია.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.
ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.