02:57 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
საქართველოს საპატრიარქოს შენობა

საქართველოს საპატრიარქო: არ გავამწვავოთ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები

© photo: Sputnik / Levan Avlabreli
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (35)
94 0 0

საპატრიარქო დარწმუნებულია მეგობრობისა და კეთილგონიერების საბოლო  გამარჯვებაში

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ანტიაზერბაიჯანული და ანტიმუსლიმური გამონათქვამებისგან დავით-გარეჯის შესახებ კამათის გამო.

ცალკეული მოქალაქეების და სასულიერო პირების მხრიდან ანტიაზერბაიჯანული გამონათქვამები მას მერე გაისმა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, მაგრამ, ადგილობრივი სასულიერო პირების მონაცემებით, ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

რა ელის დავით–გარეჯს: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოსთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტოს >>

„საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ მომხდარის გამო სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს.

ამავე დროს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ხალხის გულისწყრომის მიზეზი მისთვის  გასაგებია.

„ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილი: საზღვრების შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას გააძლიერებს >>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახულია ისტორიული პიროვნებები, მათ შორის თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

ზურაბიშვილი: „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს...“ >>

დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიის ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (35)

მთავარი თემები