Rustavi2-ის ხელმძღვანელობას 28 მილიონ ლარს ედავებიან

© Sputnik / Alexander Imedashvili„რუსთავი2“-ის მიკროფონი
„რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა მის წინააღმდეგ ახალი სარჩელი სიტყვის თავისუფლების შელახვად შეაფასა

„რუსთავი2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ამ ტელეკომპანიის ძირითადი მფლობელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 28 მილიონი ლარი მოითხოვა.

ტელეარხის ხელმძღვანელობამ, რომელიც ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, მომხდარში პოლიტიკური კონტექსტი დაინახა.

საქართველომ Rustavi2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს უპასუხა >>

ამჟამად Rustavi2-ის მესაკუთრეები არიან შპს „ტელეკომპანია საქართველო“ (51%), ლევან ყარამანაშვილი (22%), გიორგი ყარამანაშვილი (18%) და ნინო ნიჟარაძე (9%). ნიჟარაძეს თავისი წილი 2014 წლის მარტში, მეუღლის, გოგა გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ერგო.

რაც შეეხება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, მისი წილის 50% ეკუთვნის ნიკოლოზ ნაყოფიას, ხოლო 25-25% - ძმებს ყარამანაშვილებს.

სარჩელის არსი

სამნაწილიანი სარჩელის დეტალებზე ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა ისაუბრა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
Rustavi2-ის წილის მფლობელი დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი გახდა

„ნიჟარაძე სარჩელში მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მასსა და ტელეკომპანიას მიადგა. წელს მას ჰყავდა თავისი წილის მყიდველი, რომელიც დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს სთავაზობდა. ასევე წელს ის სთავაზობდა პარტნიორებს თავისი წილის შეძენას, მაგრამ მეწილეთა საბჭომ მას წილის გაყიდვის უფლებაზე და ამ წილის შეძენაზეც უარი უთხრა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

სარჩელის მეორე ნაწილი ნიკა გვარამიას მხრიდან გადასახადებიდან გადაუხდელობას ეხება.

„ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან, რომ Rustavi2-ის ხელმძღვანელი არ იხდის გადასახადებს და დავალიანებამ დიდ თანხას მიაღწია. ეს აზარალებს კომპანიას, რადგან გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში მას ჯარიმა დაეკისრება“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.

სულ საუბარია 16,5 მილიონ ლარზე.

სარჩელის მესამე ნაწილი ეხება 2018 წელს Rustavi2-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდის შედეგებს. შედეგად, ნიჟარაძის ადვოკატის თქმით, ტელეკომპანიას 10 მილიონი ლარის ზარალი მიადგა, ამიტომ მეწილე მის ანაზღაურებას მოითხოვს.

„რუსთავი 2“-მა საქართველოში კიდევ ერთი სასამართლო წააგო >>

თავის მხრივ, Rustavi2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი გენერალურ დირექტორს გამოესარჩლა.

„ის ზარალს ნიკა გვარამიას აკისრებს, როდესაც სწორედ გვარამიას დამსახურებაა, რომ დღეს მას წილი აქვს“, - განაცხადა მურადაშვილმა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია Rustavi2-მა უარყო ინფორმაცია გვარამიას გადადგომის შესახებ

თავად გვარამია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ნიჟარაძის დახმარებით მის გადაყენებას და დროებითი მმართველის დანიშვნას ცდილობს.

„ეს პრეტენზია არის შესული მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაუჩნდეს ფორმალური წინაპირობა, შემოვიდეს დროებითი მმართველის მეშვეობით „რუსთავი 2“-ში და მოკლას მისი სარედაქციო პოლიტიკა, შეცვალოს მისი ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკა და რეალურად, მთავარი ოპოზიციური არხი გააქროს“, - აცხადებს გვარამია.

ხელისუფლების პოზიცია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის ირგვლივ მიმდინარე ახალ სკანდალში მხოლოდ სარგებელი დაინახა.

„ეს არის მორიგი სცენარი „რუსთავი 2"-ისგან, რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც მშვენივრად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევას „რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავს“ აქვს საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ მისი აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გვარამიას ბრალდებები უარყო ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა ივანიშვილი Rustavi2-ზე თავდასხმაში დაადანაშაულა

„თუ ბოლო წლების განმავლობაში რომელიმე სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები და წინსვლაა, ერთ-ერთი მედია თავისუფლებაა და არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისით, არამედ საზოგადოების თითოეული წევრი თავად არის მომსწრე, რამდენად თავისუფალია ნებისმიერი მედიის სარედაქციო პოლიტიკა ცენზურისგან თუ პოლიტიკური ჩარევისგან“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან ნიჟარაძის სარჩელის კომენტირებისგან მან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ეს კერძო დავაა.

საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე აქცენტი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული“, - გაახმოვანა ზურაბიშვილის თვალსაზრისი მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

Rustavi2 და სტრასბურგის სასამართლო

მას შემდეგ, რაც 2003 წელს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, Rustavi2-ის დამფუძნებლებმა თავისი წილები გაყიდეს. იმ დროიდან დაიწყო წილების ყიდვა-გაყიდვის პერიოდი სხვადასხვა კომპანიების მიერ, მათ შორის ოფშორული კომპანიების მიერ, სანამ 2012 წელს Rustavi2 ძმებმა ყარამანაშვილებმა არ იყიდეს.

ზურაბიშვილისადმი სიძულვილის ენის გამოყენების გამო გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს >>

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2015 წელს Rustavi2-ზე პრეტენზია გამოთქვა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულეს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ ნიკა გვარამიას ფაშიზმში ადანაშაულებს

2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის მარტში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა გაუქმდეს და ეს წილები გადაეცეს მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას შპს „პანორამას“.

Rustavi2-ის იურისტებმა, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0