თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განაგრძობს მუშაობას თავის თანამდებობაზე, განაცხადა მისმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია მანამდე ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. მათი მონაცემებით, გადადგომის მიზეზი ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემები გახდა. სხვა ვერსიით, გვარამიას უნდა ეხელმძღვანელა ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბისთვის, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" მიიღო წინადადება – თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.
„ნიკა გვარამია ჯერ თავის ადგილზე რჩება და მუშაობს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, აუცილებლად შეიტყობთ. გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვადასტურებ", — განაცხადა უდუმაშვილმა.
ტელეკომპანია „Rustavi2" თითქმის ორი წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია სასამართლო დავის გამო, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელობას ეხება. ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებების დაბრუნების თაობაზე პრეტენზია ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა, რომელმაც მრავალი თვის შემდეგ შეძლო ყველა სასამართლო ინსტანციაში საკუთარი სიმართლის დამტკიცება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „Rustavi2" ხალვაშს გადაეცა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, რომელსაც სარჩელით მიმართეს ტელეკომპანიის იურისტებმა, გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, სასამართლო დავის პერიოდში დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია.
საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2012 წლის ნოემბერში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიკავა.