თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოში ყველაზე რეიტინგული, ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გვიან ღამით „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ თათბირი ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკა გვარამია, მისის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ადვოკატები და ტელეკომპანიის სხვა წარმომადგენლები.
წინასწარი ინფორმაციით, „რუსთავი 2“ ოფიციალურ განცხადებას 9 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თითქმის ორი წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია სასამართლო დავის გამო, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელობას ეხება. ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებების დაბრუნების თაობაზე პრეტენზია ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა, რომელმაც მრავალი თვის შემდეგ შეძლო ყველა სასამართლო ინსტანციაში საკუთარი სიმართლის დამტკიცება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ჯერჯერობით ვერ მოხდა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, რომელსაც სარჩელით მიმართეს ტელეკომპანიის იურისტებმა, გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, სასამართლო დავის პერიოდში დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია.
საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2012 წლის ნოემბერში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიკავა.