თბილისი, 30 ნოემბერი– Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ „რუსთავი 2“-ის საქმის სასამართლო პროცესის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია.
„რუსთავი 2“-ის საქმის სასამართლო განხილვამ, რომელმაც ტელეკომპანიის რეალური მფლობელები უნდა დაადგინოს, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ორშაბათს მმართველი პარტიის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს „რუსთავი 2“-ის მიმართ, კონკრეტულად იმ საქმის მიმართ, რომელიც განიხილება სასამართლოში. მედია–რესურსი შეიძლება იყო დაკავშირებული პოლიტიკურ ძალასთან, შეიძლება არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ როდესაც სწორად მუშაობ და სიმართლე შენ მხარეზეა, დასახულ მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწევ“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.
დეპუტატმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრალდებებს აბსურდული უწოდა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია მასმედიის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.
„ჩვენ არ ვიცით, საით წავა პროცესები, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მედიაპლურალიზმია და ის, რომ ჟურნალისტების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული“, — განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს და მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება.
ამჟამად „რუსთავი 2“-ის მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), „ტელეკომპანია საქართველო“ (51%) და ნინო ნიჟარაძე (9%).
ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ადრე გადაწყვეტილება გამოიტანეს, რომლის თანახმად, ტელეარხის წილების 100% ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს უნდა გადაეცეს, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არ შესულა. საქმე განსახილველად უმაღლეს სასამართლოს გადაეცა. მოსამართლეთა შემადგენლობა ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა სასამართლოს უმაღლესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის — მზია თოდუას, პაატა სილაგაძის, მიხეილ ჩინჩალაძის და ნინო გვენეტაძის აცილების შუამდგომლობით მიმართეს.