თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi 2) მფლობელების სარჩელი, რომლებიც მოითხოვდნენ აღიარებინათ არაკონსტიტუციურად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომელთა საფუძველზე 2015 წლის ნოემბერში სასამართლომ ტელეკომპანია მის ძველ მფლობელს — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.
„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბერს მიმართეს. ისინი მოითხოვდნენ აღიარებინათ არაკონსტიტუციურად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი) და 55-ე მუხლი (გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო).
ტელევიზიის მფლობელების თვალსაზრისით, 54-ე მუხლი, თუ ის არღვევს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს (ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება).
რაც შეეხება 55-ე მუხლს, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომლის მხარეთა გავლენა ერთმანეთზე ბოროტად იყო გამოყენებული, როდესაც მათი ურთიერთობა განსაკუთრებულ ნდობაზეა დამყარებული, ის, მფლობელების აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტს ეწინააღმდეგება (საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, მაგრამ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი).
თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე 2015 წლის ნოემბერში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამას“ სასარგებლოდ გამოიტანა.
სასამართლო პროცესზე ხალვაშის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ 2005-2006 წლებში მან ტელეკომპანიის 100%-იანი წილი 268 997 დოლარად გაყიდა, თუმცა, როგორც ეს სასაქონლო ექსპერტიზამ დაადგინა, იმ დროს ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონ დოლარს აღემატებოდა. იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხალვაშს საკუთარი წილის გაყიდვა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოუწია. აქედან გამომდინარე, ის, დაეყრდნო რა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებს, სასამართლოსგან მოითხოვდა „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გარიგებების ამორალურად აღიარებას, ბათილად ცნობას და კვლავ მისთვის გადაცემას.
სასამართლომ ხალვაშის არგუმენტები გაიზიარა. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა სააპელაციო და უმაღლესი სასამართლო, რომლებმაც ის ძალაში დატოვეს.
„რუსთავი 2“-ის მფლობელები თავის სარჩელში აცხადებდნენ, რომ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლების განმარტებები ბუნდოვანია და მოსამართლეს მათი ინტერპრეტაციის და გადაწყვეტილების მიღების დიდ დისკრეციულ უფლებას ანიჭებს.
„რუსთავი–2“–ის სასამართლო განხილვები ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა და თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში უმაღლესმა სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადასცა, მისმა მფლობელებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ ტელეარხის ხალვაშისთვის გადაცემის პროცესი მანამდე შეაჩერა, სანამ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას თავად არ გამოიტანს.