თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 28 ნოემბერს „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივრის დასაშვებობის განხილვა დაიწყო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა ევროპის სასამართლოს საჩივრით მას შემდეგ მიმართეს, რაც 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ორი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად ტელეკომპანია მთლიანად ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას“ გადაეცა.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.
სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ოთხი მომჩივანია: შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“, რომელიც „რუსთავი 2“-ის 51%-იან წილს ფლობს და ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები, რომლებიც „რუსთავი 2“-ისა და „ტელეკომპანია საქართველოს“ 40%-იან წილს ფლობენ.
2015 წლის აგვისტოში, როდესაც საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა, მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ მოსარჩელის თხოვნით ტელეარხის ქონებასა და მისი მფლობელების წილებს ყადაღა დაადო. 2016 წლის მაისში, როდესაც საქმე სააპელაციო სასამართლოში შევიდა, ყადაღა „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-იან წილს მოეხსნა.
„რუსთავი 2“-ის ქონებას ისევ ყადაღა ადევს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მისი იჯარით გადაცემის აკრძალავა მოხსნა.
ევროპის სასამართლოს ამ საქმეზე ხუთი ძირითადი კითხვა გააჩნია.
მოცემულ საქმეზე „რუსთავი 2“ პირველი მომჩივანია. ამასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო დაინტერესდა შემდეგი საკითხით − შეიძლება თუ არა, კომპანია დაზარალებულად ჩაითვალოს და ამოწურა თუ არა მან შიდა გასაჩივრების გზები, ვიდრე ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.
ევროპის სასამართლოს ასევე აინტერესებს, ქართული კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლებოდა თუ არა ქონების ყადაღასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ძირითად საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა.
კითხვებს შორის შემდეგი საკითხიც დგას: ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ითხოვა თუ არა ძირითად საქმეში (საკუთრების დავა) მესამე პირად ჩართვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში?
მეორე კითხვა შემდეგნაირად ისმის: შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები.
„რუსთავი 2“-ის შესაბამისი ბრალდებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი?— დაინტერესდა ევროპის სასამართლო.
მესამე საკითხი: სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებში დაირღვა თუ არა „რუსთავი 2“-ის თავისუფლება, განსაკუთრებით მისი უფლება, რომ გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები? კერძოდ, შეიძლება თუ არა დადასტურებული კავშირი არსებობდეს სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებსა და სახელმწიფოს მხრიდან პირველი მომჩივნის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის სავარაუდო მცდელობას შორის?
მეოთხე საკითხი ეხება აქტივებს. „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება, რაც, სავარაუდოდ, მისი ფინანსური მდგრადობის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია, წარმოადგენს თუ არა არხის თავისუფლებაში ჩარევას − გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები?
წარმოადგენდა თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის მის უფლებაში ჩარევას? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს ჩარევა იყო თუ არა აუცილებელი საკუთრებით სარგებლობის კონტროლისთვის?
გარდა ამისა, იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის გაგრძელება კანონიერი მას შემდეგ, რაც ის აღარ წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს საქმეში?
მეხუთე კითხვა შემდეგია: პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ბუნების გათვალისწინებით, კერძოდ, რაც შეეხება ამ დებულებით გათვალისწინებული პირდაპირი ან ნაგულისხმევი შეზღუდვების საკითხს, შეიძლება თუ არა მე-18 მუხლის გამოყენება ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით?
დადებითი პასუხის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს აინტერესებს, სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებით, რა მიზანსა თუ მიზნებს ისახავდა ხელისუფლება კონვენციის მე-10 მუხლისა („აზრის გამოხატვის თავისუფლება“) და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ დაწესებულ შეზღუდვებთან მიმართებით?
კერძოდ, განსხვავდებოდა თუ არა რომელიმე მიზანი ამ უკანასკნელი დებულებით დაშვებული შეზღუდვის მიზნებისგან? რომელი იყო ძირითადი, თუ ხელისუფლება ერთზე მეტ მიზანს ისახავდა? დაირღვა თუ არა მე-18 მუხლი კონვენციის მე-10 მუხლთან ან პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში?
საქართველოს მთავრობას კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადა 2018 წლის 29 მარტამდე მიეცა.