თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ახალი რეგულაციები საბანკო სექტორში აუცილებელია ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.
ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა >>
სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.
რისთვის შემოიღეს დაკრედიტების ახალი წესები
მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ საბანკო რეგულაციების მთავარ მიზანს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„მე მესმის, რომ ხშირად ვსაუბრობთ მოკლევადიან ეფექტებზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება იყო და არის საბანკო რეგულაციების შემოღების მთავარი მიზანი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მეორე მიზანი იყო საფინანსო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა. საბანკო სისტემის დანიშნულებაა – ეკონომიკაში არსებული დანაზოგები მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს ინვესტიციებისკენ.
საქართველოში სესხის აღება დოლარში გართულდა >>
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მთლიანად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის მიმართულებას.
„ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. შეიძლება იყოს უმნიშვნელო განსხვავება განაკვეთებზე და ეს არის ნორმალური. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და პასუხისმგებელია საფინანსო სისტემის მდგრადობასა სტაბილურობაზე და მისი სიფრთხილეც გასაგებია“, – ხაზგასმით აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაში არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი ეროვნულ ბანკს
მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იპოთეკასთან დაკავშირებული დამატებითი რეგულაციების წინააღმდეგი იყო.
„ჩემი მოსაზრება იყო – შეგვეხედა ბაზრისთვის, სექტორისთვის და შემდეგ განგვეხორციელებინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ამასთან ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში აქტიურობის შენელება ჯერ კიდევ ახალი რეგულაციების შემოღებამდე შეინიშნებოდა.
ადრე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სესხები, მათ შორის იპოთეკური, უნდა გაიცეს იმათზე, ვისაც მისი მომსახურების შესაძლებლობა გააჩნია. თუ მსესხებელს გააჩნია ფორმალური ან არაფორმალური შემოსავალი, მას სესხის აღება შეუძლია.
ახალი რეგულაციები დაკრედიტების სურათს შეცვლის.
მაჭავარიანმა განაცხადა, რომ წლების მანძილზე დაკრედიტების სექტორში არასწორი პრაქტიკის გამო რამდენიმე გამოწვევა ჩამოყალიბდა. ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე.
„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იყო შავ სიაში. ე.წ. ონლაინ-სესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემაცაა.
„როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის?!“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან განაცხადა, რომ საბანკო სექტორის ადრე არსებული დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა წარმოების სფეროს.
„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა გითხრათ – პოზიტიური ტენდენციებია“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.