თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თუ მოქალაქეს ან ოჯახს შემოსავალი თვეში 2500 ლარი აქვს, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენა 15-წლიანი იპოთეკური სესხის მეშვეობით შეუძლია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ეროვნული ბანკის განმარტებაზე დაყრდნობით.
არხის ინფორმაციით, იპოთეკური სესხის აღება მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების პირობებშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აღნიშნულ თემაზე პარლამენტის სხდომაზე გასულ კვირაში დაუსვეს შეკითხვა: როგორ უნდა მოიქცნენ ახლად დაქორწინებულები, რომელთაც ბინის შეძენა უნდათ, მაგრამ მათი შემოსავალი ჯამში 2000-2500 ლარს შეადგენს თვეში.
„60 კვადრატულიანი ბინა, 15 წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში, 2500 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახსაც შეუძლია შეიძინოს... უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს“, — განმარტავს ეროვნული ბანკი.
უწყება აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ იპოთეკური სესხების აღება მნიშვნელოვნად გართულდა, რეალობას არ შეესაბამება.
ბანკში აღნიშნავენ, რომ სირთულის არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია და „თუკი მსესხებელს რამე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას“.