თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განმარტება გააკეთა.
ვითარება პანკისის ხეობაში 21 აპრილს გამწვავდა, როდესაც ალაზნისპირას „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებისა და პერსონალის უსაფრთხოება უნდა დაეცვა, შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
„დაისჯება თითოეული": პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა >>
„გვსურს, აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მსგავსი პრეცედენტები ჰესების მშენებლობის გამო ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დაფიქსირებულა. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შსს-ს მიმართა შემდგომი რეაგირებისა და მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
სარგებელი ადგილობრივ მცხოვრებთათვის
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების აშენება მკვიდრი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი იქნება. კომპანია „ალაზანი ენერჯი“ გეგმავს ასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრების გადამზადებასა და დასაქმებას მშენებლობის პერიოდში.
„მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120 000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ.
კომპანია ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესზე და ტურისტული ობიექტების თავისუფალ ფუნქციონირებაზე, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პანკისის ხეობის მოსახლეობა დაგეგმილი მშენებლობის დეტალებსა და მის უსაფრთხოებაზე დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული.
„ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის ნებართვა 2017 წელს გასცა. მემორანდუმი ინვესტორთან მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ პროექტი დადებითად შეაფასა.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის ნებართვა მხოლოდ გარემოზე მათი ზეგავლენის საგულდაგულო ექსპერტიზის შემდეგ გაიცემა.
ზურაბიშვილი: ჰესის მშენებლობის დასაწყებად საჭიროა სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა >>
იმის მიუხედავად, რომ ჰესი მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ.
ამასობაში კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ“ და „ფერმა“, რომლებიც ჰესებს აშენებენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ამასთან, ისინი საკუთარ თავზე იღებენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებას, თუ ასეთი წარმოიქმნება.
მინისტრებისა და უხუცესების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.